სამართალი
მამალაძის საქმეზე უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა - საია

  საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ გიორგი მამალაძის საქმეზე უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა.

  „2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად  მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე.

  საია გაუმართლებლად მიიჩნევს  ბრალდებულის  მიმართ  პროკურატურის წარმომადგენელთა და არაერთი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომელთა შინაარსი ქმნის  შთაბეჭდილებას, რომ დანაშაულის ჩადენის ფაქტი და მასში  ბრალდებულის მონაწილეობა უკვე დადგენილ და უტყუარ ფაქტებს წარმოადგენს, მაშინ, როცა საქმეზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, ხოლო სასამართლოს ჯერ არ დაუწყია საქმის განხილვა.

  დეკანოზ მამალაძის საქმეზე გაკეთებული არაერთი განცხადება არღვევს მისი უდანაშაულობის პრეზუმფციას და ხელს უწყობს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას ერთმნიშვნელოვნად ბრალდებულის წინააღმდეგ.

  საია მოუწოდებს როგორც პროკურატურას, ისე ცალკეულ პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რაც სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე წარმოაჩენს ბრალდებულ პირს დამნაშავედ, ხოლო გამოძიების ვერსიას - დამტკიცებულ ფაქტად“, - ნათქვამია, კერძოდ, საიას განცხადებაში.