საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტით მყოფი სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალური მდივანი აბდულატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანი მიიღო.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების საბჭოსთან საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დიდია ამ ქვეყნების მხრიდან საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესება, რასაც მოწმობს არაერთი არაბული კომპანიის არსებობა ქართულ ბაზარზე.
შეხვედრის დასასრულს მინისტრმა და გენერალურმა მდივანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ სამდივნოს შორის კონსულტაციების მექანიზმის შესახებ“. მემორანდუმი ხელს შეუწყობს საბჭოსთან თანამშრომლობის განვითარებას და საქართველოსა და საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობის ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაყვანას.
სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოში შედიან საუდის არაბეთის სამეფო, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ყატარის სახელმწიფო, ქუვეითის სახელმწიფო, ომანის სასულთნო, ბაჰრეინის სამეფო.