აფთიაქებში ვიდეოთვალის დამონტაჟება წამლებზე ფასებს გაზრდის
პირველი თებერვლიდან, შესაძლოა, მედიკამენტებზე ფასებმა მოიმატოს. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. ექსპერტთა კლუბის წარმომადგენელმა იზა ფუტკარაძემ განაცხადა, რომ აფთიაქებში ვიდეოთვალის დამონტაჟება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
თითოეულ აფთიაქს ვიდეოთვალის შეძენა 7 ათასი ლარი დაუჯდება, პროექტის სავარაუდო ღირებულება კი 9 მილიონი ლარია.
„ფარმაცევტისა და მომხმარებლის ურთიერთობის ვიდეოთვალთვალი ადამიანის უფლებების დარღვევაა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადამიანებისა და ფარმაცევტების ურთიერთობა კონფიდენციალური უნდა დარჩეს,“ - განაცხადა იზა ფუტკარაძემ. შსს-ს გადაწყვეტილებით, თებერვლიდან თბილისში არსებულ ყველა აფთიაქში სათვალთვალო კამერა უნდა დამონტაჟდეს.