საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ძმისშვილი – ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი პირველ კომენტარს აკეთებს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით.
"გვაქვს ამ ფაქტზე ინფორმაცია, მიმდინარეობს გამოძიება, ჩვენ ყველანაირად ვენდობით სამართალდამცავ ორგანოებს და გამოძიების გადაწყვეტილებას თავისთავად უპირობოდ ვაღიარებთ", - განუცხადა “რუსთავი 2”-ს მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა, რომელიც ბერლინში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად იმყოფება.
მიტროპოლიტის თქმით, მისი სიძე – პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იოსებ ოხანაშვილიც ბერლინში იმყოფება და ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
გუშინ, ორშაბათს, საქინფორმისთვის ცნობილი გახდა, რომ 10 თებერვალს, პარასკევს, განთიადისას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში გაფრენას აპირებდა, სადაც მკურნალობის კურსს გადის ილია მეორე, რომელიც იქ მიტროპოლიტების – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრების უმრავლესობასთან ერთად იმყოფება. ილია მეორეს გუშინ წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია ნაღვლის ბუშტზე ლაპარასკოპიული მეთოდით და ის უკვე გადაყვანილია ინტენსიური ტერაპიის განყოფილებაში.
დეკანოზ მამალაძის ბარგში აღმოჩენილი იქნა შხამიანი ნივთიერება – კალიუმის ციანიდი, რომლითაც, საქართველოს მთავარი პროკურატურის წინასწარი მონაცემებით, იგი „სულიერი იერარქიის მაღალი პირის“, სავარაუდოდ, სრულიად საქართველოს პატრიარქის მოწამვლას აპირებდა, მთავარ მტკიცებულებას – მისი საუბრის ჩანაწერს პირთან, რომელმაც მას კალიუმის ციანიდი გადასცა და, თითქოსდა, ამის შესახებ პროკურატურაში განაცხადა, საქართველოს მთავარი პროკურატურა დღეს გაასაჯაროებს.
საქინფორმი დასძენს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი იყო და, შესაბამისად, თავისუფალი წვდომა ჰქონდა სხვადასხვა, მათ შორის მომწამვლელ ნივთიერებასთან. გარდა ამისა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამო მას თავისუფალი წვდომა ჰქონდა პატრიარქთან, ამიტომ კალიუმის ციანიდის შეძენასთან დაკავრებული ისტორია კითხვებს ბადებს.
დეკანოზი გიორგი მამალაძე წარმოშობით აჭარიდანაა, მის საკუთარ სახლში, ქობულეთში, ჩატარდა ჩხრეკა, რომლის დროსაც აღმოჩენილი იქნა თვითნაკეთი პისტოლეტი და 6 ვაზნა, ასევე რაღაც დოკუმენტები, რომლებიც უკრაინასთან მის კავშირს მოწმობს, სადაც მან სასულიერო განათლება მიიღო. აქვთ თუ არა მათ კავშირი ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან, ან მის ყოფილ თანაკურსელებთან სემინარიაში, ზუსტდება. თბილისში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში მაღალ თანამდებობებზე დეკანოზი გიორგი მამალაძე მხოლოდ ერთი წლის წინ გადმოიყვანეს – მანამდე ის ბათუმში, წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში მსახურობდა და ამავდროულად, ბათუმის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სემინარიის ზედამხედველი იყო, სადაც ერთ საგანში ლექციებს კითხულობდა.