საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. "ადამიანები მივედით საზოგადოებრივ მაუწყებელთან, შევედით საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოიეში, მოვითხოვეთ პირდაპირი ეთერი, მივიღეთ პირდაპირი ეთერი, გავაკეთეთ განცხადება და გამოვედით შენობიდან", - განუცხადა აუდიტორია №115-ის (ახალი აგრესიული სტუდენტური ახალგაზრდული გაერთიანება, რომელმაც უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორი რექტორი გადააყენა – საქინფორმი) წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ ტელეკომპანია "პირველს" საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით.
"სხვა არაფერი არ მომხდარა, უბედური შემთხვევა იქ არ დატრიალებულა და რატომ არის ეს შემთხვევა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, მე არ ვიცი.
ამას დაარქვით, თუ გნებავთ, შეჭრა, მაგრამ ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ის საჭიროებს დღეს დაცვას, ჩვენ ვართ ამ საზოგადოების წარმომადგენლები, ვაფინანსებთ ამ ტელევიზიას, ამ ტელევიზიის ძირითად რესურს ჩვენ ვქმნით გარედან ჩვენი შრომით (საქინფორმი აზუსტებს, რომ სტდენტებს არაფერი შეაქვთ სახელმწიფ ბიუჯეტში, პირიქით, სახელმწიფო ბიუჯეტის მომხმარებლები არიან). შევიჭერით ამ ტელევიზიაში, რა არის ტრაგედია ამაში, რა არის უბედურება ამაში, აბსოლუტურად გაუგებარია", - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.