რელიგია
რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში პატრიარქი ილია მეორის მოწამვლის მცდელობას უცნაური უწოდეს...

  საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II-ის შესაძლო მოწამვლის მცდელობა მოცემულ ეტაპზე საკმაოდ უცნაურად გამოიყურება, ამიტომ აუცილებელია დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, – განუცხადა რია ნოვოსტის მოსკოვის საპატრიარქოს შიდა საეკლესიო კავშირების განყოფილების მართლმადიდებელთაშორის ურთიერთობების სამდივნოს ხელმძღვანელმა იგორ იაკიმჩუკმა.

  უწინ, ორშაბათს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 10 თებერვალს, თბილისის აეროპორტში დაკავებული იქნა საპატრიარქოსქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, მამა გიორგი მამალაძე, მას მკვლელობის მზადებაში ადანაშაულებენ. უწყების მონაცემებით, მამალაძე შხამიანი ნივთიერების – ციანიდის გადატანას ცდილობდა გერმანიაში, სადაც საქართველოს პატრიარქი ილია მეორე სამკურნალოდ იმყოფება საპატრიარქოს წევრებთან ერთად.

  წინა დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“–მა გადმოსცა პატრიარქის შესაძლო მოწამვლის მცდელობის შესახებ.

  „რაც შეეხება მოცემულ კონკრეტულ შემთხვევას, უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. მთელი ეს ისტორია საკმაოდ უცნაურად გამოიყურება იმის გათვალისწინებით, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე ამჟამად სამკურნალოდ იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა იაკიმჩუკმა.

  მისი თქმით, „ძნელი გასახსენებელია ამგვარი შემთხვევები ისტორიაში“, განსაკუთრებით, ბოლო ასწლეულის განმავლობაში. მისი განცხადებით, რუსულ ეკლესიაში ჯერჯერობით არ არის ნათელი, უტყუარია თუ არა ცნობა მოწამვლის მცდელობის შესახებ, თუ ეს „რაიმე საინფორმაციო ომის ნაწილს“ წარმოადგენს.

  მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პატრიარქი ილია მეორე მოსკოვის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის კურსდამთავრებულია, ამიტომ ის მუდამ ინარჩუნებდა „გულითად დამოუკიდებულებას რუსულ ეკლესიასთან“.

  „ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ყველაზე კრიტიკული მომენტების არსებობის მიუხედავად, საეკლესიო კავშირები ამით სრულებით არ დაზარალებულა, პირიქით, უფრო განმტკიცდა“, – აღნიშნა იაკიმჩუკმა.

გუშინ, ორშაბათს, საქინფორმისთვის ცნობილი გახდა, რომ 10 თებერვალს, პარასკევს, განთიადისას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში გაფრენას აპირებდა, სადაც მკურნალობის კურსს გადის ილია მეორე, რომელიც იქ მიტროპოლიტების – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრების უმრავლესობასთან ერთად იმყოფება. ილია მეორეს გუშინ წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია ნაღვლის ბუშტზე ლაპარასკოპიული მეთოდით და ის უკვე გადაყვანილია ინტენსიური ტერაპიის განყოფილებაში.

დეკანოზ მამალაძის ბარგში აღმოჩენილი იქნა შხამიანი ნივთიერება – კალიუმის ციანიდი, რომლითაც, საქართველოს მთავარი პროკურატურის წინასწარი მონაცემებით, იგი „სულიერი იერარქიის მაღალი პირის“, სავარაუდოდ, სრულიად საქართველოს პატრიარქის მოწამვლას აპირებდა, მთავარ მტკიცებულებას – მისი საუბრის ჩანაწერს პირთან, რომელმაც მას კალიუმის ციანიდი გადასცა და, თითქოსდა, ამის შესახებ პროკურატურაში განაცხადა, საქართველოს მთავარი პროკურატურა დღეს გაასაჯაროებს.

საქინფორმი დასძენს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი იყო და, შესაბამისად, თავისუფალი წვდომა ჰქონდა სხვადასხვა, მათ შორის მომწამვლელ ნივთიერებასთან. გარდა ამისა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამო მას თავისუფალი წვდომა ჰქონდა პატრიარქთან, ამიტომ კალიუმის ციანიდის შეძენასთან დაკავრებული ისტორია კითხვებს ბადებს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე წარმოშობით აჭარიდანაა, მის საკუთარ სახლში, ქობულეთში, ჩატარდა ჩხრეკა, რომლის დროსაც აღმოჩენილი იქნა თვითნაკეთი პისტოლეტი და 6 ვაზნა, ასევე რაღაც დოკუმენტები, რომლებიც უკრაინასთან მის კავშირს მოწმობს, სადაც მან სასულიერო განათლება მიიღო. აქვთ თუ არა მათ კავშირი ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან, ან მის ყოფილ თანაკურსელებთან სემინარიაში, ზუსტდება. თბილისში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში მაღალ თანამდებობებზე დეკანოზი გიორგი მამალაძე მხოლოდ ერთი წლის წინ გადმოიყვანეს – მანამდე ის ბათუმში, წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში მსახურობდა და ამავდროულად, ბათუმის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სემინარიის ზედამხედველი იყო, სადაც ერთ საგანში ლექციებს კითხულობდა.