უცხოეთი
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ „კონფლიქტში ჩათრეული“ აღმოჩნდა ისეთების გამო, როგორიც მაკკეინია

  საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სენატორი ჯონ მაკკეინი იემენის ოპერაციის შესახებ კომენტარის გამო გააკრიტიკა. ტრამპმა „ტვიტერზე“ განაცხადა, რომ ჯონ მაკკეინის მიერ იემენში ამერიკის სამხედრო შეტევის წარუმატებელ მისიად მოხსენიება „მტრის გაძლიერებას“ ეხმარება.

  „სენატორი მაკკეინი არ უნდა საუბრობდეს მედიასთან მისიის წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე. ეს მხოლოდ მტერს აძლიერებს. ის უკვე დიდი ხანია მარცხდება და აღარ იცის თუ რა არის გამარჯვება, შეხედეთ იმ არეულობას, რაშიც ჩვენი ქვეყანაა ჩაძირული - ყველგან ჩათრეულნი ვართ კონფლიქტში. ჩვენი გმირი, რაიანი, გამარჯვების მისიაში გარდაიცვალა (გენერალი მატისის თქმით), ეს არ იყოწარუმატებლობა“. ახლა დროა ამერიკა გახდეს გონიერი და განაგრძოს მოგება!“, - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“.

  სენატორმა მაკკეინმა ამერიკის რეიდი ცენტრალურ იემენში, რომელსაც​ საზღვაო ძალების სპეცდანიშნულების დანაყოფის ოფიცერი, უილიამრაიანოუენსი ემსხვერპლა, შეაფასა როგორც წარუმატებელი. მაკკეინის თქმით, ოპერაცია, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები და ქალები შეეწირნენ, და 75 მილიონი დოლარის ღირებულების თვითმფრინავის დაკარგვა მოჰყვა, „წარმატებულად ვერ იქნება მიჩნეული.“

  თეთრი სახლის პრეს სპიკერმა შონ სპაისერმა ამერიკის სპეცოპერაცია დაიცვა და განაცხადა, რომ იერიშს, სავარაუდოდ, ალ-ქაიდას თოთხმეტი მებრძოლის განადგურება მოჰყვა.

  „ეს აბსოლუტური წარმატება იყო და ნებისმიერი, ვინც საწინააღმდეგოს ამტკიცებს, ზიანს აყენებს რაიან ოუენსის სახელს“, - განაცხადა სპაისერმა.

  მაკკეინი, რომელიც პრეზიდენტს ხშირად აკრიტიკებს, ვიეტნამის ომის ვეტერანია. ის 5 წლის მანძილზე სამხედრო ტყვეობაში იმყოფებოდა. 2008 წელს ბარაკ ობამასთან საპრეზიდენტო არჩევნების წაგების შემდეგ, მან არიზონაში კიდევ ერთხელ იყარა კენჭი და სენატში ადგილი მოიპოვა.