საზოგადოება
„პირველი კავკასიური“ ეთერში ბრუნდება

pirveli-kavkasiuri25 იანვრიდან ეთერში გავა  საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე ჩამოყალიბებული   რუსულენოვანი  „პირველი საინფორმაციო კავკასიური“  (PIK), რომელიც კერძო კომპანია „ქეი-1“-ს  გადაეცა. მმართველი კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელია ბრიტანელი ჟურნალისტი რობერტ პარსონსი.

არხი თავდაპირველად მხოლოდ 6-საათიან რეჟიმში იმაუწყებლებს.

ცნობილი გახდა, რომ მაუწყებლობა გავრცელდება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. რაც რუსულად მოსაუბრე რეგიონებისთვის და ამ ენაზე მოსაუბრე ემიგრანტთათვის იქნება მისაწვდომი. ტელევიზია გააშუქებს როგორც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ასევე მსოფლიოში  მომხდარ ამბებს.

ორსაათიანი   საეთერო დრო  საინფორმაციო გამოშვებებს,  დანარჩენი დრო კი თოქ-შოუებს, დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს დაეთმობა. საავტორო გადაცემებს ოლეგ პანფილოვი და ალა დუდაევა კვლავ  მოამზადებენ.

აღსანიშნავია, რომ „პირველი კავკასიური“ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე 2010 წლის დასაწყისში  ამუშავდა. 4 იანვარს მან მაუწყებლობა ინტერნეტში დაიწყო, 15 იანვარს კი სატელიტზე გავიდა და კავკასია და აღმოსავლეთ ევროპის  ნაწილი მოიცვა. გასული წლის  იანვარის ბოლოს  ფრანგულმა Eutelsat-მა „პირველი კავკასიური“ სატელიტიდან  გათიშა,   მიზეზად კი  დროებითი  კონტრაქტის მოქმედების  ვადის ამოწურვა დაასახელა.  საქართველოს მთავრობამ ტელეკომპანია პირველ ჯერზე  13.3 მილიონი ლარით დააფინანსა.