პუბლიკაციები
აფბა: „რუსთავის აზოტის“ მაგალითი ადასტურებს, რომ ქვეყანაში „საქართველოს ბანკის“ „დიქტატი“ გრძელდება

  „რუსთავის აზოტის“ ქარხნიდან მუშების გათავისუფლების საკითხი აქტუალობას არ კარგავს. „აზოტში“ მიმდინარე პროცესებს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ეხმაურება. მისი განცხადებით, ქარხანაში მიმდინარე პროცესების ირგვლივ, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, რაც, ერთმნიშვნელოვნად, აჩენს  როგორც საზოგადოების, ისე შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობის აუცილებლობას.

  „ბოლო პერიოდში „რუსთავის აზოტის“ ირგვლივ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, საკმაოდ ბევრ კითხვა ისმის. გათავისუფლებული მუშების პროტესტმა საკითხის აქტუალობა ერთიორად გაზარდა და, შესაბამისად, სააშკარაოზე გამოვიდა კანონმდებლობის ისეთი ხარვეზები, რაც შრომითი უფლებების დაცვას და კომპანიების მხრიდან მინიმალურ სოციალურ პასუხისმგებლობას ეხება. გარდა ამისა, ყოველგვარ ზღვარს ცდება საქართველოში ბანკების თავგასულობა. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ, რომ „რუსთავის აზოტის“ ახალი მფლობელი კომპანია „ეუ ინვესთმენთსი“ პირდაპირ კავშირშია „საქართველოს ბანკთან“. შეუიარაღებელი თვალით, იურიდიული დოკუმენტაციის მიხედვით,  „ეუ ინვესთმენთსი“ შესაძლოა დამოუკიდებელ კომპანიად იქნას აღქმული, თუმცა მთელი რიგი ფაქტორები ამყარებს ეჭვს იმის შესახებ, რომ დეფაქტო აღნიშნული კომპანია „საქართველოს ბანკის“ ფაქტობრივ მფლობელობაშია.

  კონკრეტულად, ზემოთ ხსენებული „ეუ ინვესთმენთსი“ აზოტის ქარხნის აუქციონამდე რამოდენიმე დღით ადრე დარეგისტრირდა, რომელსაც სააქციო კაპიტალი მხოლოდ 100 ლარი ჰქონდა. თუმცა, „საქართველოს ბანკმა“ ასეთ კომპანიაზე 235 მილიონი ლარის კრედიტი „სიამოვნებით“ გასცა, რომლითაც კომპანიამ „აზოტის ქარხანა“ მართვაში ჩაიგდო.

  როგორც ვიცით, 2014 წელს ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, კომერციული ბანკების არაპროფილური აქტივების ფლობა აკრძალა. თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნული რეგულაცია არ მუშაობს და ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. შესაბამისად, არაპროფილური აქტივების ფლობის საწინააღმდეგოდ გასატარებელი ბერკეტები პრაქტიკულად არ არსებობს“, - აღნიშნა ანდრია გვიდიანმა.

  ანალიტიკოსი რეკომენდაციის სახით ხელისუფლებას მიმართავს და ბანკებისთვის არაპროფილური აქტივების ფლობის საწინააღმდეგო რეგულაციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს.

  „კომერციული ბანკებისთვის არაპროფილური აქტივების ფლობა და მათი მხრიდან ტრადიციული საფინანსო მომსახურების მიწოდების ფარგლებიდან გადახვევა, მნიშვნელოვნად აზარალებს კერძო სექტორში კონკურენტული და ჯანსაღი გარემოს ფორმირებას, რასაც ქმედითი ნაბიჯები უნდა დაუპირისპირდეს. უამრავი გარემოება ადასტურებს, რომ დღესდღეობით, ქვეყანაში „საქართველოს ბანკის“ დიქტატი გრძელდება და, რეალურად, ეს ერთი ბანკი ფლობს თითქმის ყველა მსხვილი ბიზნესის აქტივებს. თუმცა, სამწუხაროდ, ამის საწინააღმდეგოდ ქმედითი მექანიზმები არ არსებობს. შესაბამისად, რეკომენდაციის სახით, მივმართავ როგორც ფისკალურ, ისე მონეტარულ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, გატარდეს სისტემური რეფორმები და, შედეგად, გაჩნდეს ქმედითი და ეფექტური ბერკეტები კომერციულ ბანკებისთვის არასაბანკო აქტივების ფლობის აღკვეთის თვალსაზრისით“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.