პოლიტიკა
როგორ მოექცევა საქართველო FETÖ-ს სკოლებს?

  საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. თურქეთში 2016 წლის 15 ივლისს მომხდარი გადატრიალების მცდელობის შემდეგ საქართველოზე თურქეთის შეხედულების მხრივ პრობლემად იქცა ფეთჰულაჰ გიულენის (Fethullah Gülen) ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ.  საქართველოში მდებარეობს FETÖ-ს 16 სკოლა, მეწარმეთა ასოციაცია სახელწოდებით GÜRSİAD, და უმაღლესი სასწავლებელი, რომელსაც “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი” ჰქვია და რომლის პრორექტორი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა - გიული ალასანია გახლავთ. ამ უნივერსიტეტის რექტორია FETÖ-ს წევრი, პროფესორი ილიას ჯილოღლუ (İlyas Ciloğlu). უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში სხვა მნიშვნელოვანი პერსონები არიან - პროფესორი ილიას უსტუნიერი (İlyas Üstünyer), პროფესორი რამაზან აქბაში (Ramazan Akbaş), დოცენტი ჯიჰან მერტი (Cihan Mert) და დოცენტი მეთინ მერჯანი (Metin Mercan).

  FETÖ-ს სკოლები საქართველოში ადემ ონალმა (Adem Önal) გახსნა, ორგანიზაცია “ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების” ხელმძღვანელმა, რომელიც საქართველოში FETÖ-ს იმამის სახელით არის ცნობილი. საერთო ჯამში ლაპარაკია 16 სკოლასა და ენის ცენტრზე თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და მარნეულში.

  ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი (Galip Öztürk), რომელიც საქართველოს მოქალაქეა, ყვება, რომ 15 ივლისის შემდეგ მას საქართველოს სადაზვერვო ორგანიზაციის ორი თანამშრომელი ესტურა, რომლებსაც თურქეთსა და საქართველოში FETÖ-ს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ოზთურქის თქმით, ამჟამად FETÖ-ს შესახებ კომპლექსური დოსიე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მაგიდაზე დევს, ამასთან, განიხილება FETÖ-ს ყველა სკოლის დახურვის საკითხი. “99%-ით დარწმუნებული ვარ, რომ თუ თურქეთი ამ მიმართულებით თხოვნით მიმართავს, საქართველო მას შეასრულებს. ამჟამად ქვეყანაში მხოლოდ იერარქიის დაბალ საფეხურზე მდგომი გიულენისტები არიან, რომლებიც თურქეთიდან გამოიქცნენ. ზექერია ოზი (Zekeriya Öz)  და ჯელალ კარა (Celal Kara) (თურქი პროკურორები, რომლებსაც გიულენის მოძრაობის მხარდაჭერა ედებათ ბრალად და საქართველოს გავლით სომხეთში გაიქცნენ) აქ გავლით იმყოფებოდნენ 13 საათის განმავლობაში. კიდევ არსებობს განდევნილთა ჯგუფი. მაგრამ თუ მოსთხოვენ, საქართველო მათ გადასცემს”, - დასძენს ოზთურქი.

  საქართველო, თითქოსდა, ამჯობინებს, სკოლები მთლიანად დახუროს და მოწაფეები სხვა სასწავლო დაწესებულებებში გადაანაწილოს. ამასობაში თავად ოზთურქმა ბათუმში თავისი სკოლა გახსნა, სადაც ახლა 150 მოსწავლეა - მხოლოდ თურქეთის მოქალაქეები. მოსალოდნელია, რომ მომავალ წელს მათ ქართველი მოსწავლეებიც შეემატებიან.

“საქართველოს მთავრობა შიშობს, რომ ამ სკოლებში მომზადებული კადრები სახელმწიფო ხელისუფლების სრულიად სხვადასხვა დონეზე აგენტებად არიან განთავსებული”, - აცხადებს ოზთურქი (იხ. წყარო).

ფუატ უღური