უცხოეთი
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარი განაცხადა

  საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბრიუსელში ვიზიტისას შეხვედრა გააუქმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ანტონიო ტაიანისთან, რომელმაც აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევის პრობლემაზე შეხვედრას უმასპინძლა.

  შეხვედრის მონაწილეებს შორის იყვნენ რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტი ხადიჯა ისმაილოვა და აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ერქინ გადირლი.

  ისმაილოვა 2014 წლის დეკემბერში დააკავეს, რის შემდეგაც მან 17 თვე გაატარა ციხეში უკანონო ბიზნესსაქმიანობისა და სხვა ბრალდებების საფუძველზე. მის სამართლებრივ დევნას ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის წევრების კორუფციულ გარიგებებზე რეპორტაჟების მომზადებისათვის ანგარიშსწორებად მიიჩნევენ.

  ბრიუსელში ვიზიტისას, რომლის მიზანიც ევროკავშირთან აზერბაიჯანის პარტნიორობის შესახებ ახალ შეთანხმებაზე მოლააპარაკება იყო, ილჰამ ალიევი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკსა და ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერს, ფედერიკა მოგერინის შეხვდა. ევროკავშირ-აზერბაიჯანის ახალი შეთანხმება უნდა ჩაენაცვლოს პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში შევიდა 1999 წელს.

  ბრიუსელში ილჰამ ალიევის ვიზიტის დაწყებამდე, 76-მა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ მოაწერა ხელი ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ევროკავშირის ლიდერებს სთხოვს, მოუწოდონ ალიევს აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მხრივ მძიმე ვითარების გამოსწორებისაკენ.