საზოგადოება
"მოამბის" ჟურნალისტებს ატესტაციის გავლა მოუწევთ

  საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები საკადრო და საეთერო ცვლილებების საკითხზე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდებიან, ამასთან, ცნობილი ხდება, რომ “მოამბის” ჟურნალისტებს ატესტაციის გავლა მოუწევთ. მაუწყებლის თანამშრომლები ამბობენ, რომ რეორგანიზაციას არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა მათთვის ვასილ მაღლაფერიძის გუნდის რადიკალური გადაწყვეტილებები მიუღებელია.

  საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის გენერალური პროდიუსერის დოდო შონავას თქმით, არხზე არა შემოქმედებითი, არამედ მართვის კრიზისია და კვალიფიკაციის პრობლემა ზედა რგოლებშია. პროფკავშირებში ამბობენ, რომ ჟურნალისტების შრომითი უფლებები უკვე ირღვევა “მოამბეში” გაფორმებული ერთთვიანი ხელშეკრულებებით და დაანონსებული ტესტირებითაც.

  საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩევლის ია ანთაძის განმარტებით, ტესტირება “მოამბეში” ახალი მენეჯმენტის მოსვლამდეც დაგეგმილი იყო და ეს ჟურნალისტებმა სექტემბერშივე იცოდნენ. მისივე თქმით, მიზანი “მოამბის” გაძლიერებაა და არა თანამშრომელთა დათხოვნა. ტესტირების მომხრეა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეც.

  მაუწყებლის თანამშრომლები ამბობენ, რომ ვასილ მაღლაფერიძის რეფორმას, შესაძლოა, არხის დახურვა მოჰყვეს.