საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. პრაღიდან თბილისში გვიან ღამით დაბრუნებული ზურაბ აბაშიძე ადასტურებს, რომ გრიგორი კარასინთან შეხვედრის ერთ-ერთ მთავარი თემა 2011 წლის საბაჟო–გამშვები პუნქტის შესახებ ხელშეკრულება იყო, რომლის მიხედვითაც ფსოუსა და ზემო ლარსში 3 საბაჟო პუნქტი გაიხსნება, რომლებსაც ოპერირებას მოწვეული შვეიცარიული კომპანია გაუწევს. აბაშიზე აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ დიდი ხანია შეასრულა თავისი წილი სამუშაო და ახლა მხოლოდ რუსეთის მხარეს ელოდება, რომელსაც შეკითხვები ჰქონდა.
„ვისაუბრეთ 2011 წელს გაფორმებულ შეთანხმებაზე საბაჟო მონიტორინგის შესახებ და შევთანხმდით, რომ დაჩქარდება მუშაობა ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
გარდა ამ საკითხისა, მისი თქმით, მოსკოვი მუშაობს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხზე.
„ჩვენ რუსეთის მოქალაქეებს საერთოდ მოვუხსენით სავიზო მოთხოვნები. თუ კიდევ გაამარტივებენ, მივესალმებით ამას, თუ მოხსნიან, ამასაც მივესალმებით, მაგრამ ეს მათი პრეროგატივაა. როგორც ამბობენ, ფიქრობენ და მუშაობენ შემდგომ გამარტივებაზე“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.