პოლიტიკა
ე.წ. ლეიბორისტულ პარტიას საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს

  საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. ფინანსური დისციპლინის დარღვევის – შემოსავლებიდან გადასახადების გადაუხდელობის  გამო დაყადაღებულია დიდი ხანია „ნაციონალური მოძრაობის“ ჩუღურეთის რაიონულ ოფისად გადაქცეული, საქართველოს ე. წ. ლეიბორისტული პარტიის საბანკო ანგარიშები. პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ – ერთადერთმა, ვინც დაშლილი პარტია არ დატოვა და მის ბელადთან – შალვა ნათელაშვილთან (მიშას ნათელასთან, როგორც მას ხალხმა შეარქვა) დარჩა, ამ თემასთან დაკავშირებით  საგანგებო ბრიფინგი გამართა. მან ბიძინა ივანიშვილზე ილაპარაკა.

  "ამჟამად მევახშე, ფინანსთა მინისტრის მეშვეობით დააყადაღა პარტიის ანგარიშები, რათა მოახდინოს მისი მუშაობის, ბრძოლის პარალიზება და გაუადვილდეთ იმ შავბნელი საქმიანობის, კრიმინალური ქმედებების განხორციელება, რომელსაც ისინი ახორციელებენ ქვეყანაში“, - განაცხადა გუგავამ.

  პარტია მიმართავს საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს და დახმარებას სთხოვს.

  „მიმართონ დღევანდელ კრიმინალურ მმართველ ძალას, დაუყოვნებლივ ყადაღა მოხსნან პარტიის ანგარიშს. ასევე მიმართონ საკუთარი ქვეყნის მთავრობებს, რათა დააყადაღონ იმ ქვეყნებში ივანიშვილის ანგარიშები, რომლებიც შევსებულია მილიარდებით და რომლებიც ნაშოვნი აქვს მას კრიმინალური გზით“, - განაცხადა გიორგი გუგავამ.