საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც ლაშა ნაცვლიშვილი განაწყენდა ბიძინა ივანიშვილზე, რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ შემოგვთავაზა, გვეყიდა ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერები - განაცხადა დავით საყვარელიძემ “არჩევანში" საუბრისას (ვიდეო იხ. აქ).
საყვარელიძის თქმით, მათ ვერ შეიძინეს ჩანაწერები, თუმცა მისი წყარო და მეგობარი დაადასტურებს, რომ მსგავსი შეთავაზება გენერალური პროკურორის მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა ნამდვილად გააკეთა.
„მე ვარ ის მეგობარი, რომელზეც დავით საყვარელიძე საუბრობდა“, - ეს განცხადება ნიკა გვარამიამ დავით საყვარელიძის კომენტარის შემდეგ გააკეთა და დაადასტურა, რომ ლაშა ნაცვლიშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი ფარული ჩანაწერების სანაცვლოდ რამდენიმე მილიონს ითხოვდა.
“ნაცვლიშვილს დღემდე აქვს შენახული ერევანში ეს მასალები დიდი რაოდენობით, მათ შორის არის ბიძინა ივანიშვილის უკანონო მოსმენები. მან დამარწმუნა, რომ მას ამგვარი მასალები აქვს, მითხრა, რომ დაჯდება ეს მილიონობით ლარი, მაგრამ ჩვენს მედიას ეს შესაძლებლობა არ აქვს. შემდეგ მან მთხოვა, რომ დამეკავშირებინა კიევში მყოფ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან. ალბათ, იქაც მიდიოდა ვაჭრობა", - განაცხადა გვარამიამ გადაცემა “არჩევანში"(ვიდეო იხ. აქ).