პოლიტიკა
პუტინმა ''თურქული ნაკადის'' მშენებლობაზე შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

  საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთსა და თურქეთს შორის გაზსადენ "თურქული ნაკადის“ მშენებლობაზე შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. სამშაბათს, 7 თებერვალს დოკუმენტი სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.

  მანამდე, თებერვალში, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იური სენტიურინი აღნიშნავდა, რომ შეთანხმება ითვალისწინებს გაზსადენის დაპროექტების, მშენებლობისა და შემდგომი ექსპლუატაციისათვის ხელსაყრელი ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის შექმნას, საგადასახადო და საბაჟო რეჟიმების ჩათვლით.

  მის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი რუსეთის მხრიდან “გაზპრომი” იქნება, ხოლო თურქეთის მხრიდან - კომპანია “ბოტაში”. დოკუმენტის მოქმედების ვადაა 30 წელიწადი, შემდგომ ხუთწლიან პერიოდებად პროლონგაციის პერსპექტივით.

  ორი ქვეყნის მთავრობების მიერ 2016 წლის ოქტომბერში ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირება იანვარში სახელმწიფო დუმამ მოახდინა, ხოლო მოგვიანებით ის ფედერაციის საბჭომ მოიწონა.

  დოკუმენტი ითვლისწინებს შავი ზღვის ფსკერზე გაზსადენის ორი ხაზის მშენებლობას (თითოეული 15,75 მილიარდი კუბმეტრი სიმძლავრის). ერთი ხაზით გაზი თურქულ ბაზარს მიეწოდება, მეორეთი - თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნებს. გაზსადენი ექსპლუატაციაში 2019 წლის ბოლომდე უნდა შევიდეს.