აქტუალური
ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში პრაღაში მორიგი შეხვედრა გაიმართა

  საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. 2017 წლის 7 თებერვალს პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

  შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე ილაპარაკა. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების, ასევე აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს.

  აღინიშნა, რომ 2013 წლიდან, ქართულ-რუსული დიალოგის ამოქმედების შემდეგ, საქართველოდან რუსეთის ბაზარზე გატანილ იქნა 850 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი, მნიშვნელოვნად იმატა საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობამ. გათავისუფლდა საქართველოს 7 მოქალაქე, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთში მრავალწლიან სასჯელს იხდიდნენ.

  ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ ჯერ ქართულმა მხარემ დაასრულა მუშაობა  „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე და ამჟამად ელოდება რუსეთის მზადყოფნას შეთანხმების იმპლემენტაციის ეტაპზე გადასასვლელად.

  რუსული მხარის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემდგომი გამარტივების მიზნით.

  პრაღაში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.