პოლიტიკა
რუსეთზე „განაწყენებულმა“ ბელარუსის ხელმძღვანელობამ საქართველოსთან მოლაპარაკებები დაიწყო

  საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.

  ქართულ მხარეს კონსულტაციებზე ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ბელარუსის დელეგაციას - მინისტრის პირველი მოადგილე ანდრეი ევდოჩენკო.

  კონსულტაციების ფარგლებში ხაზი გაესვა  ქვეყნებს შორის არსებულ ახლო მეგობრულ ურთიერთობას და თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივებს. განხილულ იქნა 1-2 მარტს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დაგეგმილი ვიზიტი ბელარუსის რესპუბლიკაში.

  ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე და რუსეთის ფედერაციის მიმართ საქართველოს მთავრობის ცალმხრივ კონსტრუქციულ პოლიტიკაზე. ამ კონტექსტში მან მადლობა გადაუხადა ბელარუსის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.