უცხოეთი
რექს ტილერსონი ოფიციალურად გახდა აშშ–ის სახელმწიფო მდივანი

  საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. რექს ტილერსონმა თეთრ სახლში ბიბლიაზე ფიცი დადო და ამერიკის სახელმწიფო მდივანი ოფიციალურად გახდა,-ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესმდივანი, შონ სპაისერი მიკრობლოგ „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.

  "ვემსახურები პრეზიდენტს და ყოველთვის ამერიკელი ხალხის სამსახურში ვიქნები", - ციტირებს სააგენტო Reuters ტილერსონის სიტყვებს. ფიცის დადების ცერემონიას აშშ-ის ვიცე–პრეზიდენტი მაიკლ პენსი და სახელმწიფოს მეთაური დონალდ ტრამპი ესწრებოდნენ.

  მანამდე, აშშ-ის სენატმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე რექს ტილერსონის კანდიდატურა დაამტკიცა. ტილერსონის კანდიდატურას სენატმა 56 ხმით 43-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.

  მოგვიანებით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა გამოთქვა სურვილი, რომ ვაშინგტონში რექს ტილერსონს შეხვდეს.

  როგორც ცნობილია, ExxonMobil-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რექს ტილერსონი რუსეთს არაერთხელ ეწვია. 2013 წელს მან პუტინისგან ხალხთა მეგობრობის ორდენიც კი მიღო.

  დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე რექს ტილერსონის კანდიდატურა 2016 წლის 13 დეკემბერს წარადგინა.