პოლიტიკა
პრემიერი კვირიკაშვილი IFC-ის წარმომადგენლებს შეხვდა

  საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) დაინტერესებულია, გააფართოოს საქმიანობა საქართველოში – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და IFC-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის ტომაშ ტელმას შეხვედრაზე აღინიშნა.

  მხარეებმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამები  და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ტომაშ ტელმას განცხადებით, საქართველოს აქვს დიდი საინვესტიციო პოტენციალი, რაც აისახა კიდეც მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ მომზადებულ კვლევაში “ბიზნესის წარმოება” (Doing Business).

  გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მისასალმებელია კერძო–საჯარო თანამშრომლობის (PPP) სფეროში  IFC-ის ჩართულობა, როგორც ინვესტირების, ასევე ტექნიკური/საკონსულტაციო მიმართულებით.

  საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC  მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია,რომელიც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ინვესტიციებით და საკონსულტაციო მომსახურებით საქართველოში კერძო სექტორის განვითარებას უწყობს ხელს.