საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ, 2 თებერვალს, ევროპარლამენტმა 553 ხმით 66-ის წინააღმდეგ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. 28 დეპუტატმა თავი შეიკავა.
ხმის მიცემის პროცედურის დაწყებას წინ უძღოდა დებატები, სადაც ევროპარლამენტარებმა საკუთარი პოზიცია გამოთქვეს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე, ასევე, იმ რეფორმებზე, რომლებიც ქვეყანამ უვიზო მიმოსვლის მისაღებად გაატარა.
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების წინააღმდეგ გამოვიდნენ ევროპარლამენტში ჰოლანდიისა და ბრიტანეთის წარმომადგენლები. მათ ერთ-ერთ მიზეზად ორგანიზებული დანაშაულის საფრთხე დაასახელეს.
საღამოს, ყინვისა და ქარის მიუხედავად, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნება–დემოკრატიულმა საქართველომ“ თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, მის ახლახან აღდგენილ ნაწილში, სახალხო მსვლელობისა და კონცერტების ორგანიზება მოახდინა, შემდეგ კი პარლამენტარები – უმრავლესობა და ოპოზიცია მეგობრულად შეიკრიბნენ რუსთაველის პროსპექტზე მდებარე ძველი პარლამენტის შენობაში, სადაც ევროკავშირისა და საქართველოს ფორმის უზარმაზარი ტორტი მიირთვეს.