საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. საერთაშორისო სოციოლოგიური ცენტრის Ipsos-ისა და სააგენტო Reuters-ის მიერ ჩატარებული ერთობლივი გამოკითხვის შედეგებით, ამერიკელების 49% პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებას აშშ-ში საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების თაობაზე მხარს უჭერს.
თავის მხრივ, გამოკითხული ამერიკელების 41% -მა სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებასთან დაკავშირებით საპირისპირო მოსაზრება გამოთქვა. გამოკითხულთა 10% -ს პასუხის გაცემა გაუჭირდა.
გამოკითხვების თანახმად, დემოკრატების 53% დონალდ ტრამპის განკარგულებას საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების თაობაზე, კატეგორიულად არ ეთანხმება, ხოლო რესპუბლიკელების 51%, პირიქით, მხარს უჭერს.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია შვიდ ქვეყანას, სადაც მუსლიმი მოსახლეობაა, ვიზის გაცემას მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში უწყვეტს.
"ბრძანებულების პროექტის მიხედვით, ტრამპი ვიზების გაცემის შეწყვეტას 30 დღის განმავლობაში იმ შვიდი ქვეყნისთვის აპირებს, რომლის მოსახლეობის უმეტესობა მუსლიმები არიან", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
საუბარია შემდეგ ქვეყნებზე: ირანი, ერაყი, ლიბია, სომალი, სუდანი, სირია და იემენი. დოკუმენტის თანახმად, ტრამპი აგრეთვე აპირებს გასცეს ბრძანებულება, რომელიც იმ ადამიანების შემოწმების პროცესის გადახედვას ითვალისწინებს, რომლებსაც აშშ-ში ჩასვლის სურვილი აქვთ.