უცხოეთი
გაეროს უშიშროების საბჭო და ეუთო დონბასში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვენ

  საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. გაეროს უშიშროების საბჭო და ეუთო დონბასში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვენ. საბჭოს წევრებმა სპეციალური განცხადება მიიღეს და აღმოსავლეთ რაიონებში მინსკის შეთანხმებით აკრძალული შეიარაღების გამოყენება დაგმეს. გაეროს უშიშროების საბჭო დახურულ კარს მიღმა ოფიციალური კიევის მოთხოვნით შეიკრიბა, კიდევ ერთი ღია სხდომა კი ნიუ-იორკში ხვალ გაიმართება. უკრაინული მხარე ვითარების ესკალაციაზე სრულ პასუხისმგებლობას პრორუს სეპარატისტებსა და მოსკოვს აკისრებს.

  უკვე მეოთხე დღეა ავდეევკასთან სეპარატისტებს საარტილერიო იერიშები მიაქვთ სამთავრობო ძალების პოზიციებზე.

  უკრაინის ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში ამ დრომდე აფეთქებების ხმა ისმის. პრორუსმა სეპარატისტებმა წუხელ სამთავრობო პოზიციების მიმართულებით ცეცხლი 86-ჯერ გახსნეს. დაიღუპა ერთი უკრაინელი სამხედრო, 9 კი დაშავდა. ადგილობრივი მოსახლეობა ამ დრომდე ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი.

  აღმოსავლეთ რაიონებში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიც. უწყებამ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და ავდეევკაში ეუთოს დამკვირვებლების შეშვებისკენ მოუწოდა. ანალოგიური მოთხოვნა აქვთ თავად ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებსაც.