როგორც საქინფორმთან საუბრისას მოძრაობის „სამართლიანი საქართველოსთვის“ ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ სერგო ჯავახიძემ განაცხადა, პარტიის ყოფილი თავმჯდომარის – ზურაბ ნოღაიდელის წინააღმდეგ მოძრაობა სასამართლოში სარჩელს ამ კვირაში შეიტანს.
„ამჟამად მასალებს ვსწავლობთ და აქტიური კონსულტაციები გვაქვს იურისტებთან. სარჩელს სასამართლოში 2–3 დღეში შევიტანთ და იმედი გვაქვს, ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე სასამართლო გადაწყვეტილებას ჩვენს სასარგებლოდ გამოიტანს, ნოღაიდელს კი არსებული დავალიანების გადახდას დააკისრებს, რაც, დაახლოებით, 350 ათას ლარს შეადგენს“, – დასძინა ჯავახიძემ.ექსპრემიერი ნოღაიდელი კი ყოფილი თანაპარტიელების სახელფასო დავალიანების დაფარვას არ აპირებს.
როგორც მან რამდენიმე დღის წინათ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა, „ის ადამიანები, ვინც მის წინააღმდეგ ღალატში მონაწილეობდნენ, ფულს ვერასდროს მიიღებენ“.
„არ გამოვრიცხავ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში სასამართლომ მართლაც დამაკისროს ამ თანხის გადახდა, თუმცა უკანონო გადაწყვეტილების შესრულებას არ ვაპირებ“, – განაცხადა ნოღაიდელმა.
შეგახსენებთ, რომ ექსპრემიერს თანაპარტიელები გასულ წელს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც, მათი განმარტებით, პარტიის ლიდერმა წინასაარჩევნოდ ჩატარებული „კარდაკარის“ პროგრამის მონაწილეებს კუთვნილი ხელფასები არ გადაუხადა. წლის ბოლოს ჯავახიძის ფრთამ იუსტიციის სამინისტროს მოძრაობის ახალი გამგეობის დარეგისტრირების თხოვნითაც მიმართა, რაც უწყებამ რამდენიმე დღის წინ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ნოღაიდელი მოძრაობის ლიდერის პოსტიდან გადააყენეს, მის ადგილზე კი განდგომილი ფრთის ლიდერი სერგო ჯავახიძე აირჩიეს.
რაც შეეხება ნოღაიდელის მომავალ გეგმებს, როგორც მის ოფისში აცხადებენ, დღეიდან ექსპრემიერის გუნდი ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნაზე იწყებს მუშაობას.