სამართალი
მამუკა ახვლედიანს თანამდებობაზე აღდგენაზე სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა

  საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა - ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომელიც მამუკა ახვლედიანის თანამდებობაზე აღდგენას ეხებოდა. 

  თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას მისი თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე უსამართლოდ მიიჩნევს და თანამდებობაზე აღდგენას ითხოვდა, თუმცა მისი სარჩელი არც სააპელაციო სასამართლოში დაკმაყოფილდა.

  ახვლედიანი გადაწყვეტილების გასაჩივრებას საკასაციო წესით, უზენაეს სასამართლოში გეგმავს. იგი სარჩელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც შეიტანს.

  „ეს არის სირცხვილი, იმიტომ, რომ ნამდვილად ყველამ იცის, რაც ხდება ჩემს საქმესთან დაკავშირებით და ალბათ, ასეთ სწრაფ რეჟიმში განხილვაც მხოლოდ იმიტომ არის, რომ ალბათ ჩინჩალაძეს მიუსწროს უზენაეს სასამართლოში, რომელსაც ვადა ეწურება და მიიღოს მონაწილეობა განაწილებაში ან საქმის განხილვაში, რომ დადგეს მათთვის სასურველი შედეგი“, - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.