პოლიტიკა
ფარული მოსმენები - ხელისუფლება ახალ საზედამხედველო უწყებას ქმნის

  საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ფარული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის პრეზენტაცია გაიმართა. მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი იქნა საკანონმდებლო მოდელი, რომელიც უსაფრთხოების სამსახურთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნას ითვალისწინებს.

  „ვეთანხმებით იმ პროექტს, რაც შემუშავებულია. მოგეხსენებათ, რომ არის ცალკე უწყება, რომელსაც ეს საგამოძიებო ფუნქცია არ ექნება და გვიწევს, ასე ვთქვათ, სერვისს, ვინც გამოძიებას ახორციელებს ამ სფეროში. ეს არის მხოლოდ ტექნიკური ფუნქციის შემსრულებელი“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა.

  გათვალისწინებულია სპეციალური კომისიის შექმნაც, რომელიც სსიპ-ის ხელმძღვანელს შეარჩევს. მას კი, თავის მხრივ, პრემიერი დანიშნავს. შემოდის მეორე ე.წ. გასაღებიც, რომელიც უზენაეს სასამართლოში კონკრეტულ მოსამართლეს ექნება.

  „ეს იქნება დამოუკიდებელი უწყება, რომელიც იქნება ანგარიშვალდებული როგორც პარლამენტთან, ასევე პრემიერმინისტრთან. როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ამ იურიდიულ პირსაც შექმნის სახელმწიფო, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფოს მიმართ გვაქვს ლეგიტიმური ნდობა და კანონიერების მოლოდინი“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

  ცვლილებების პაკეტის ინიცირება საგაზაფხულო სესიაზე მოხდება.