პოლიტიკა
პრემიერი კვირიკაშვილი ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა

  საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. საქართველო-ევროსაბჭოს თანამშრომლობა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ევროპის საბჭოს ჩართულობა კონფლიქტის ზონებში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებსა და ნდობის აღდგენის პროცესში - საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის შეხვედრის მთავარი თემები იყო.

  შეხვედრისას ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა.

  პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში“, რომელშიც ის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას.