პუბლიკაციები
გზამკვლევი ჟურნალისტებისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა და მასში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ

   2013 წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებისთანავე განვაცხადე იმ სისტემური რისკების შესახებ, რაც პროგრამას დაუძლეველ პრობლემებს შეუქმნიდა. სამწუხაროდ, ჩემი პროგნოზი გამართლდა.

  პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის 2017 წლის 27 იანვრის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის მიერ გაკეთებული მიმოხილვა და სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის ხელმძღვანელის, დევი ხეჩინაშვილის მიერ წარმოდგენილი “საყოველთაო ჯანდაცვის შემდგომი განვითარების იდეა” იმის დასტურია, რომ პროგრამა ძირეულ რეფორმას საჭიროებს.

  რა პრობლემები აქვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას
 (სია არასრულია)

 პროგრამას ერთნაირი მიდგომა აქვს მდიდარი და ღარიბი მოქალაქეების მიმართ; მაღალშემოსავლიან მოქალაქესაც იმავე პრინციპით უფინანსდება მკურნალობა, როგორც დაბალშემოსავლიანს. ღარიბებს უჭირთ საკუთარი ჯიბიდან თანაგადახდა. ამიტომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის, USAID-ის, გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევები მკაფიოდ აჩვენებს, რომ პროგრამის ფულს შეძლებული მოქალაქეები უფრო მოიხმარენ, ხოლო ღარიბებს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა გაუუარესდათ (იხილეთ დახმარება შეძლებულებს … ღარიბების ხარჯზე). NDI-ბოლო კვლევაში ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა პრობლემად მოქალაქეების 23%-მა დაასახელა.

  1. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის თანხების უდიდესი ნაწილი თბილისსა და 2-3 რეგიონულ ცენტრში იხარჯება, ხოლო რაიონულ საავადმყოფოებში – სულ უფრო და უფრო ნაკლები. შესაბამისად, რაიონულ საავადმყოფოებში სამედიცინო სერვისები სულ უფრო იკარგება და შედარებით მარტივი სამედიცინო მანიპულაციებისთვისაც კი პაციენტს რეგიონულ ცენტრში (ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი) ან დედაქალაქში უწევს წასვლა. ჯანდაცვაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუარესება კიდევ უფრო აუარესებს ფინანსურ ხელმისაწვდომობას, რადგან მკურნალობის ხარჯს მგზავრობის და “თავზე დგომის” ხარჯი ემატება. რაც უფრო ღარიბია ადამიანი და რაც უფრო შორს ცხოვრობს დედაქალაქიდან ან რეგიონული ცენტრიდან, მით უფრო უჭირს ჩაიტაროს საჭირო მკურნალობა. (იხილეთ ღარიბს ვართმევ, მდიდარს ვაძლევ…).
  2. იკლო სახელმწიფო ფინანსების ხარჯთეფექტურობამ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამდე 240 მლნ ლარით 1.8 მლნ მოქალაქეს (მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, 6 წლამდე ბავშვი, სოციალურად დაუცველი, პენსიონერი, პედაგოგი, სტუდენტი, პოლიციელი, სამხედრო პირი) ჰქონდა უკეთესი უზრუნველყოფა (ანუ ჯიბიდან უწევდა უფრო ნაკლების თანაგადახდა, უმეტეს მათგანს კი საერთოდ არ უწევდა), ვიდრე დღეს 660 მლნ ლარით აქვს 3.2 მლნ მოქალაქეს. დღეს, უმეტეს შემთხვევაში, მოქალაქეს საკუთარი ჯიბიდან მკურნალობის მთლიანი ხარჯის 60%-ის დაფარვა უხდება (იხილეთ ფაქტჩეკის ანალიზი ჯანდაცვის ხარჯების 75%-ს მოსახლეობა საკუთარი ჯიბიდან იხდის). ეს კი, როგორც უკვე აღვნიშნე, კდევ უფრო ართულებს ღარიბების მიერ საჭირო მკურნალობის მიღებას. ხარჯეფექტურობის დაქვეითებამ და პროგრამიდან გაუმართლებელი ხარჯების გაწევა გამოიწვია იმან, რომ პროგრამის მართვა სადაზღვევო კომპანიებიდან ისევ მთავრობის (ჯანდაცვის სამინისტროს) ხელში დაბრუნდა.
  3.   საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოქმედების მეოთხე (!) წელს აღმოაჩინა მთავრობამ, რომ პროგრამის ფული იხარჯება მათზეც, ვინც თავისი ჯიბიდან ყიდულობს ჯანმრთელობის დაზღვევას და ვისი მკურნალობის ხარჯიც კერძო სადაზღვევო კომპანიამ უნდა დაფაროს. ეს ფაქტი დავით სერგეენკომ, რა თქმა უნდა იცოდა, მაგრამ მან უკვე მიაყენა სადაზღვევო სექტორს (იხილეთ ფაქტჩეკის ანალიზი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ კერძო სადაზღვევო ბაზარზე უარყოფითად იმოქმედა) და კერძო დაზღვეულებს ზიანი, როდესაც პროგრამის მართვა სადაზღვევო კომპანიებიდან ისევ მთავრობის (ჯანდაცვის სამინისტროს) ხელში დააბრუნა და სანამ მთავრობას ძალიან არ გაუჭირდა, ამ ფაქტზე იგი თვალს ხუჭავდა.
  4. ხარჯეფექტურობის დაქვეითებამ და გაუმართლებელი ხარჯების გაწევამ მუდმივი პრობლემები შუქმნა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტს და, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტსაც (იხილეთ ფაქტჩეკის ანალიზი რა აძვირებს ჯანდაცვას). ბოლო ორი წელია, პროგრამას დაგეგმილ თანხაზე 100 მლნ ლარის დამატება სჭირდება, რაც ქვეყნის ეკონომკურ პრობლემებს აღრმავებს. ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა ლარის გაუფასურების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. პროგრამის ფუნდამენტური ცვლილების აუცილებლობა, რაზედაც დღეს აკაკი ზოიძე საუბრობს, ამითაა განპირობებული. ამით იყო გამოწვეული პრემიერ კვირიკაშვილისა და მინისტრ სერგეენკოს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები საყოველთაო ჯანდცავის პროგრამის მომავლის შესახებ.
  5. იმის გამო, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დავით სერგეენკოსათვის პირადი პრესტიჟის საკითხია, ჯანდაცვის სხვა პროგრამები ყურადღების მიღმაა დარჩენილი. ყველა დამატებითი თეთრი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ხმარდება (არაეფექტურად!), ხოლო სხვა პროგრამებს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ. მაგალითად, ფსიქიატრია გამოდგება (იხილეთ ფსიქიატრების ღია წერილი დავით სერგეენკოს).
  6. იმისათვის, რომ საყოველთო ჯანდაცვის პროგრამის ზემოაღნიშნული პრობლემები დამალოს, დავით სერგეენკო არღვევს კანონს და 2013 წლიდან აღარ აქვეყნებს ჯანდაცვის ეროვნულ ანგარიშებს.

მე 2013 წელსვე განვაცხადე: “ქართულ ოცნებას” ამდენი ფული იმ სისტემით (იხილეთ დაზღვეული ქართული ჯანდაცვა) დაეხარჯათ, რაც 2010-12 წლებში ჩამოყალიბდა და არ დაბრუნებოდა ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების სოციალისტურ მეთოდს (იხილეთ საყოველთაო დაზღვევის უტოპია), გვექნებოდა დადებითი ეფექტი ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესებაზე, სახელმწიფო ფინანსების ხარჯთეფექტურობაზე, საავადმყოფოების ფინანსურ მდგრადობაზე.

რა უნდა შეიცვალოს

ყველა ცვლილება, რასაც აქამდე დავით სერგეენკო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახორციელებდა, მიმართული იყო არა ზემოჩამოთვლილი სისტემური პრობლემების გამოსწორებაზე, არამედ პროგრამის თანდაყოლილი დეფექტების შენიღბვა/შელამაზებაზე. ამჟამად დაანონსებული (ა) “სელექტიური კონტრაქტირებაც” (საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან “ფულის წველაში” დავით სერგეენკოსა და აკაკი ზოიძის მიერ დადანაშაულებული საავადმყოფოების გამოხშირვა) და (ბ) კერძო დაზღვევის მქონეთათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან დაფინანსების მიღების აკრძალვა ასეთივე უნაყოფო მცდელობაა, რომელიც პრინციპულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს. პირიქით, გააღრმავებს.

(ა)-ს გამო საავადმყოფოების ნაწილი, რომლებიც ისედაც 5-6 თვის დაგვიანებით იღებენ პაციენტებისთვის ჩატარებული მკურნალობის საფასურს ჯანდაცვის სამინისტროდან, უმძიმესი ფინანსური პრობლემების წინაშე დადგებიან.

(ბ)-ს გამო კერძო დაზღვევის პაკეტის საფასური, რომელიც გაორმაგდა 2013 წლის შემდეგ, გაიზრდება და მის ყიდვას, მით უმეტეს, შემქნილი ეკონომიკური კრიზისის პირობებში, უფრო და უფრო ნაკლები მოქალაქე შეძლებს. ამიტომ კერძო დაზღვეულთა რიცხვი, რომელიც დავით სერგეენკოს რეფორმის გამო 2012 წლის შემდეგ არ გაზრდილა, სავარაუდოდ, შემცირდება. თუ ისინი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამს დაემატებიან, გამოვა, რომ დანაზოგი, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან კერძო დაზღვევის მფლობელების გამოთიშვით უნდა შექმნილიყო, არ იქნება.

[მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით იხილეთ ფაქჩეკის ანალიზი ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვაში – მთავრობის გეგმები და მოსალოდნელი შედეგები]

თუმცა უცნობია, ისინი, ვინც ვეღარ იყიდის კერძო დაზღვევას, მოხვდებიან თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. დღეს მინიმუმ 40,000 ადამიანია, ვინც კერძო დაღვევა დაკარგა, მაგრამ ვეღარც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მოხვდა. ეს კი ნიშნავს, რომ პროგრამა სულაც არაა ისეთი საყოველთაო, როგორც ამას მისი მესვეურები გვასაღებენ.

დიდი ხანია ვამბობ, რომ პრინციპულად უნდა შეიცვალოს 2 რამ:

  1. პროგრამა უნდა გახდეს მიზნობრივი: რაც უფრო ღარიბია ადამიანი, მით მეტად უნდა დაეხმაროს სახელმწიფო;
  2. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ადმინისტრირება უნდა გადავიდეს სადაზღვევო კომპანიების ხელში. ანუ ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოებს პირდაპირ კი არ უნდა გადაურიცხოს კონკრეტული პაციენტის მკურნალობის ფული, არამედ სამინისტრომ სადაზღვევო კომპანიებისგან უნდა შეიძინოს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი და ყოველ ასეთი დაზღვეულის მკურნალობაზე საავადმყოფოს თანხა სადაზღვევო კომპანიამ უნდა გადაუხადოს.

რას აპირებს „ქართული ოცნება“

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის 2017 წლის 27 იანვრის სხდომაზე წარმოდგენილი მოსაზრებების მიხედვით, „ქართული ოცნება“ აპირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამოთიშოს დაახლოებით 1,5 მლნ ადამიანი:

  • დასაქმებული მოქალაქე და მისი ოჯახის წევრები (მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები)
  • სტუდენტები
  • საჯარო სკოლის პედაგოგები
  • მოქალაქე და მისი ოჯახის წევრი, რომელთა ოჯახის წლიური შემოსავალი 40,000 ლარი და მეტია

ამ ადამიანების კერძო სადაზღვევო პაკეტს შეიძენს ან დამსაქმებელი (სახელმწიფო, კერძო კომპანია)/უნივერსიტეტი, ან თავად ეს ადამიანი, ან ორივე ერთად გარკვეული თანამონაწილეობით.

გაჟღერდა იდეა, რომ დაბალშემოსავლიან დასაქმებულებს სახელმწიფო დაუფარავს სადაზღვევო პრემიის ნაწილს. მაგალითად, თუ ერთი ადამიანის კერძო დაზღვევა ჯდება თვეში 50 ლარი, ვთქვათ, 20 ლარი შეიძლება გადაიხადოს დამსაქმებელმა, 20 ლარი – თავად დაზღვეულმა (დასაქმებულმა), 10 ლარი კი დაამატოს ჯანდაცვის სამინისტრომ.

რაც შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები), „ქართული ოცნების“ გეგმით, მათი ჯანდაცვის ხარჯი არსებული სისტემით (როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო პირდაპირ ურიცხავს ფულს საავადმყოფოებს) დაიფარება.

რა უნდა ვკითხოთ „ქართულ ოცნებას“

  • კერძო სადაზღვევო პაკეტები, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამოთიშული დაახლოებით 1,5 მლნ ადამიანისთვის შეიძენენ დამსაქმებლები/დასაქმებულები, სახელმწიფოს მიერ დადგინდება? შეიძლება კომპანიამ თავის თანამშრომელსა და მისი ოჯახის წევრებს ფორმალურად უყიდოს დაზღვევის პაკეტი, მაგრამ ის პრაქტიკულად არ ფარავდეს ძირითად სამედიცინო მომსახურებებს.
  • რა ეღირება საშუალოდ ასეთი პაკეტი? რამდენად შეძლებს წვრილი ბიზნესი, აწიოს ეს ტვირთი? თუ ვერ აწევს და სახელმწიფო დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს ნაწილობრივ დაეხმარება სადაზღვევო პაკეტის შეძენაში, როგორი იქნება სახელმწიფოს თანამონაწილეობა და რა დაუჯდება ეს ბიუჯეტს?
  • პენსიონერი, რომლის ოჯახის წლიური შემოსავალი 40,000 ლარი და მეტია, რომელ კატეგორიაში მოხვდება – ჩაითვლება პენსიონერად, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული, თუ ოჯახის წევრად, რომლისთვისაც კერძო დაღვევას ყიდულობენ?
  • დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის კერძო დაზღვევის პაკეტის შეძენა სავალდებულო იქნება? რა კრიტერიუმებით განისაზღვერება, როდის იხდის კომპანია თანამშრომლის დაზღვევის საფასურს 100%-ით, 50%-ით ან 25%-ით? თუ დამსამებელი ან დასაქმებული (ვისაც ევალება) არ იყიდის კერძო დაზღვევას, რა იქნება სანქცია?
  • რა პრინციპით ანაზღაურდება მედიკამენტსი საფასური მიზნობრივი ჯგუფებისათვის (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები)?

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტში განხილვების გაგრძელების პარალელურად, დამატებითი კითხვები აუცილებლად გაჩნდება და მას შემდგომ განმარტებებში მოგაწვდით.