საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. დიდი ბრიტანეთის საბრძოლო ხომალდი შავ ზღვაში პირველად შევა "ცივი ომის" შემდეგ. ის უკრაინაში საიდუმლო წვრთნებში მონაწილე ბრიტანელ სამხედროებს დაიცავს. ამის შესახებ გამოცემა "Sunday Mail" წერს.
გამოცემის ცნობით, საბრძოლო გემი HMS Diamond, რომელიც რაკეტებითაა აღჭურვილი, უკრაინის სანაპიროსთან დაიკავებს პოზიციას. საბრძოლო გემის ბორტზე, შესაძლოა, 60 საზღვაო ფეხოსანი იმყოფებოდეს.
მედიის მონაცემებით, ხომალდის მისია, სავარაუდოდ, უკრაინის ტერიტორიაზე საიდუმლო წვრთნებში მონაწილე 650 ბრიტანელი სამხედროს დაცვაა.
"დიდი ბრიტანეთი მკვეთრად აცხადებს, რომ ჩვენ დემოკრატიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვიცავთ და ვაღიარებთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს", - განუცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფელონმა "Sunday Mail"-ს.
რუსეთის გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა დეკემბერში განაცხადა, რომ ნატო-ს საზღვაო სამხედრო ძალების აქტივობა ბარენცის, ბალტიისა და შავ ზღვებში გაიზარდა. მისი თქმით, რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს სამხედრო ძალების გააქტიურება დესტრუქციულ და პროვოკაციულ ხასიათს ატარებს.