საზოგადოება
დამწვარი "ოქროს სამყაროს" მოვაჭრეების თქმით, შენობაში დიდი რაოდენობით ოქრო ინახებოდა

  საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, “ბავშვთა სამყაროს” შენობა და საბითუმო ბაზრობის ტერიტორია ხანძრის შედეგად თითქმის სრულად განადგურდა. „ოქროს სამყაროს“ მოვაჭრეების თქმით, შენობაში დიდი რაოდენობით ოქრო ინახებოდა.

  „არცერთი არ ასხამს იქ წყალს, მეუბნებიან, რომ იცავენ, იქ გადაიღეთ, მე ნუ მიღებთ. მილიონობით ადამიანის ოქროა იქ შენახული“, - ყვიროდნენ ჟურნალისტების თვალწინ დაზარალებული მოვაჭრეები, რომლებიც მოქალაქეთაგან საკომისიოდ ჩაბარებული  და ბანკებისგან აღებული კრედიტებით შესყიდული ნაკეთობებით ვაჭრობდნენ. რამდენჯერმე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა შენობისკენ ჯგუფად დაძრულ მოვაჭრეებსა და კორდონად ჩაყენებულ პოლიციელებს შორის.

  შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის სახელმწიფო ბიუროდან, რომლებსაც ჯერჯერობით მიყენებულ ზარალსა და ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე არაფერი განუცხადებიათ, თუმცა კატეგორიულად აუკრძალეს ნანგრევებში შესვლა ყველა დანარჩენს, რადგან „ბავშვთა სამყაროს“ შენობა უკიდურესად ავარიულ მდგომარეობაში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად შენობის კონსტრუქცია დაზიანდა და დამწვარი შენობის ერთი ნაწილი ჩამოიშალა.