საზოგადოება
ბაზრობის ადმინისტრაციამ უნდა აგოს პასუხი - თბილისის მერი "ბავშვთა სამყაროსთან" მივიდა

  საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. ეს განცხადება “ბავშვთა სამყაროს” დამწვარ შენობასთან მისულმა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გააკეთა.

  „ასეთი შემთხვევა თბილისში დიდი ხანია, არ ყოფილა. ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და ის ადამიანები, რომლებიც აქ ვაჭრობდნენ, არიან ადამიანები, რომლებსაც დალხენილი ცხოვრება ნამდვილად არ ქონიათ. სწორედ ამიტომ იყვნენ ისინი აქ ამ პირობებში. ბაზრობის ადმინისტრაციამ უნდა აგოს პასუხი პირველ რიგში, მათ ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რაც აქ მოხდა. ამ ადამიანებს ჰქონდათ ხელშეკრულებები ბაზრობის ადმინისტრაციასთან, ბაზრობის ადმინისტრაციას აქვს თავისი უფლებები, მოვალეობები და უნდა გასცენ ამ ხალხს პასუხი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

  ხანძრისგან დაზარალებულები გამოძიების დაჩქარებას ითხოვენ. მათი ვერსიით,  შესაძლოა, “ბავშვთა სამყაროს” შენობაში ხანძარი განზრახ გააჩინეს. შენობა დაზღვეულია, ამიტომ „ბავშვთა სამყაროს“ მფლობელი კომპენსაციას მიიღებს სადაზღვევო კომპანია „ალდაგისგან“.

  შენობა აღდგენას არ ექვემდებარება, რადგან ხანძრისას ყველა შიდა გადახურვა და კედლები ჩამოიშალა. განხორციელდება შენობის სრული დემონტაჟი.