საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის ადმინისტრაციის მოხელეებს ლობისტური საქმიანობა აუკრძალა, - გადმოსცემს სააგენტო “ასოშიეტედ პრესი”.
უცხო ქვეყნის მთავრობების ლობირება ჩინოვნიკებს სამუდამოდ ეკრძალებათ, ნებისმიერი სხვა ლობირებით დაკავებას ისინი ადმინისტრაციიდან გადადგომის შემდეგ 5 წლის განმავლობაში ვერ შეძლებენ.
ტრამპის თქმით, ისინი, ვისაც მასთან მუშაობა სურს, კონცენტრირებული უნდა იყონ ამერიკელი ხალხისათვის სარგებლობის მოტანაზე და არა იმაზე, როგორ მიიღონ გამორჩენა სამსახურის დასრულების შემდეგ.
პრეზიდენტმა შეახსენა, რომ ამგვარ აკრძალვაზე ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ლაპარაკობდა და ახლა დაპირებას ასრულებს.
ბრძანებულების შესაბამისად, აკრძალვას ექვემდებარებიან ჩინოვნიკები, რომლებმაც თანამდებობა 2017 წლის 20 იანვრის შემდეგ დაიკავეს. როგორც ტრამპმა განაცხადა, ახალი ბრძანებულება ბარაკ ობამას მიერ 2009 წლის იანვარში გამოცემულ ბრძანებულებას შეცვლის. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ძველ დოკუმენტში “ბევრი გასაძრომ-გამოსაძრომი” იყო.