საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. საკონსტიტუციო კომისიამ პარასკევს, 27 იანვარს მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხზე იმსჯელა. ოპოზიცია რეგიონულ-პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვს.
“ეს მახინჯი პრაქტიკა უნდა შეიცვალოს და ამაზე არსებობს საყოველთაო კონსენსუსი, საზოგადოებაშიც, პოლიტიკურ პარტიებს შორისაც და სხვათა შორის, “ქართული ოცნება” 2016 წლის არჩევნებამდე აცხადებდა კიდეც, რომ პრინციპი სწორია, მივიღოთ, ოღონდ ავამოქმედოთ 2020 წლისთვის. დღეს კიდევ თუ ისინი ამბობენ, რომ ეს კიდევ განსახილველია, ეს ნიშნავს, რომ მათ, უბრალოდ, უნდათ, შეინარჩუნონ მახინჯი სისტემა“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის გიორგი ბოტკოველის თქმით, ბოლო არჩევნებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა, თუ რამდენად მანკიერი საარჩევნო სისტემაა ქვეყანაში და პროპორციული სისტემა უფრო დაბალანსებული პარლამენტის არსებობის საშუალებას იძლეოდა.