17–26 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია, რექტორ ალექსანდრე კვიტაშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ესტუმრება პარტნიორ უნივერსიტეტებს და ორგანიზაციებს ევროპაში (გერმანია, ნიდერლანდების სამეფო, უნგრეთი).
როგორც საქინფორმის კორესპონდეტს თსუ–ს რექტორატში აცნობეს, „ვიზიტის მიზანია საერთაშორისო ურთიერთობის გაღრმავება და სამომავლო ერთობლივი პროექტების დაგეგმვა“.
გერმანიაში ვიზიტისას დელეგაციის წევრები მიუნხენში ეწვევიან ადგილობრივ ტექნიკურ უნივერსიტეტს, აგრეთვე, ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის მიუნხენის უნივერსიტეტსა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტს. იგეგმება შეხვედრა კომპანია HEISS GMBH-ის წარმომადგენლებთან, რომლებიც აკადემიური პროცესების მართვის ელექტრონული სისტემის N.O.A.H.–ს თსუ–ს საჭიროებებისათვის ადაპტაციის პროექტზე მუშაობენ.დელეგაციის წევრები გერმანიიდან უნგრეთში გადაინაცვლებენ და შეხვედრას გამართავენ ღია საზოგადოების ინსტიტუტის უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის ხელმძღვანელობასთან. 21 იანვარს კი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრისას ხელი მოეწერება ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას.
ვიზიტის ფარგლებში თსუ-ს დელეგაცია ნიდერლანდების სამეფოსაც ეწვევა. ჰოლანდიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტსა და ლაიდენის უნივერსიტეტში განიხილება თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროები.
ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტისას დელეგაცია გააგრძელებს მოლაპარაკებებს მაასტრიხტის უნივერსიტეტთან თსუ–ში ერთობლივი საბაკალავრო პროგრამის განხორციელების თაობაზე და 2009 წელს ორ უნივერსიტეტს შორის დადებული ხელშეკრულების განხორციელებისათვის აუცილებელ სამუშაო გეგმას შეადგენს.