ვიზიტის სხვა დეტალები და დაგეგმილ შეხვედრებზე განსახილველი საკითხების შესახებ ინფორმაცია კალანდაძეს არ გაუხმიანებია და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი საქართველოსა და სომხეთის განსაკუთრებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს უსვამს ხაზს.
თუმცა საკითხავია, რამდენად კეთილმეზობლური საუბარი შედგება ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის, რადგან, გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი სარქსიანთან შეხვედრაზე სომეხი მეწარმეების მიერ ქართული ბრენდების უკანონოდ გამოყენებისა და მათი შემდგომი ექსპორტირების საკითხზეც აპირებს საუბარს.
გაზეთი "ვზგლიადი" წერს, რომ "საქპატენტი" ამ მიმართულებით აქტიურად იწყებს მუშაობას. ქართული მედია კი პრეზიდენტს ურჩევს, კოლეგა სერჟ სარქსიანი "დაანამუსოს" და ქართველი მწარმოებლების ინტერესები დაიცვას.
საუბარია გაზეთ "კვირის პალიტრაში" დაბეჭდილ სტატიაზე, სადაც წერდნენ, რომ საუკეთესო ქართული ბრენდები საფრანგეთის სხვადასხვა სავაჭრო ქსელში სომხური პროდუქციის სახით იყიდება. კერძოდ, ღვინო "საფერავი" ძვირადღირებულ სომხურ სპირტიან სასმელადაა გასაღებული, ქართულ ჩურჩხელას ჰყიდიან, როგორც "სომხურ სასწაულს" და ამ სიაში ქართული თონის პურიც და ხაჭაპურიც მოხვდა.