უცხოეთი
რუსებს სომხეთში შიდა პასპორტებით შესვლის ნება დართეს

  საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. რუს მოქალაქეებს შეუძლიათ სომხეთს თავიანთი ადგილობრივი პასპორტით ეწვიონ. ეს გადაწყვეტილება რუსეთის პრემიერ–მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა და სომხეთის პრემიერმა კარენ კარაპეტიანმა მიიღეს.

  მედვედევის თქმით, შეთანხმება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ჰუმანიტარულ თანამშრომლობას.

  სომხეთსა და რუსეთს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს, თუმცა სომხეთში ჩასასვლელად რუსებს უცხოეთის პასპორტები სჭირდებოდათ.

  რუსეთის მოქალაქეებს ადგილობრივი პასპორტებით სომხეთში ჩასვლა უკვე ზაფხულში შეეძლებათ.

  სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არენ შავარშ კოჩარიანის თქმით, ეს ხელს შეუწყობს რუსი ტურისტების მოზიდვას სომხეთში.

  2015 წელს სომხეთი 1,2 მლნ უცხოელმა ტურისტმა მოინახულა, მათგან 500 ათასი რუსი იყო.

  ამჟამად რუსი მოქალაქეები ადგილობრივ პასპორტს იყენებენ: ბელარუსში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.