სამართალი
კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო 176 ქვეყანას შორის 44-ე ადგილზეა

  საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” სამდივნოს მიერ გამოქვეყნებული კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო 176 ქვეყანას შორის 44-ე ადგილზე იმყოფება. გასულ წელთან შედარებით, საქართველომ მაჩვენებელი 5 ქულით გააუმჯობესა.

  2016 წლის ინდექსის თანახმად, კორუფციის დონე ყველაზე დაბალია დანიასა და ახალ ზელანდიაში, ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სომალის აქვს.

  „პროგრესი გვაქვს და წლების განმავლობაში მცირე პროგრესს ვანახებთ, თუმცა მნიშვნელოვანი არის ძალიან სიღრმისეული რეფორმების ჩატარება. გარდა იმისა, რომ კონკრეტული მიმართულებით კანონმდებლობა უმჯობესდება, მნიშვნელოვანია, რომ მისი აღსრულებაც ეფექტურად მოხდეს“, - განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.