საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ევროსაბჭოს სპეციალურმა კომისიამ საქართველოდან წარდგენილ კანდიდატებს სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებების გამო არ დაუჭირა მხარი.
„ჩვენი სამშობლოსთვის ამ სიის დაბრუნებას სიხარულის ყიჟინით შეხვდა “ნაციონალური მოძრაობა”, უფრო სწორად, მისი მარტივ მამრავლებად დაშლილი წევრები. არ არის გასაკვირი, ისინი ყოველთვის მუშაობდნენ საქართველოს წარუმატებლობისთვის საერთაშორისო ასპარეზზე. ამ სიის საწინააღმდეგოდ იმუშავა ასევე საქართველოს ომბუდსმენმა, რომელიც ჩასული იყო ცოტა ხნის წინ სტრასბურგში და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, რომ არ დაეჭირათ ამ სიისთვის მხარი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
“ევროპულ საქართველოში” მიაჩნიათ, რომ კანდიდატების ჩავარდნით საქართველოს ინტერესებს სერიოზული ზიანი მიადგა.
„საქართველოს ხელისუფლებას თავზე გადაახიეს ეს წარდგენები, ეს არის ძალიან მძიმე შედეგები“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
„ეს არის მკაფიო გზავნილი არა კანდიდატების მისამართით, არამედ სახელმწიფოს მისამართით, რომ თქვენ მანდ რაღაცას არ აკეთებთ სწორად“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.