სამართალი
ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის დაკავება - ოპოზიცია ხელისუფლებას ღალატში ადანაშაულებს

  საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. ქართველი სამხედრო მოსამსახურის გიორგი ცერცვაძის საკითხი ბიუროს სხდომაზე ელენე ხოშტარიასა და ირაკლი სესიაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა. “ევროპულმა საქართველომ” რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე უკრაინაში დაკავებული ვიცე-პოლკოვნიკის საქმეზე სამი მინისტრის პარლამენტში მისვლა და განმარტების გაკეთება მოითხოვა.

  უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება - ამ მუხლით პროკურატურისაგან გამოძიების დაწყებას მოითხოვს “ნაციონალური მოძრაობა”. პარტიაში გია ცერცვაძის პირადი მონაცემების რუსული სპეცსამსახურებისთვის გაგზავნას "სახელმწიფო ღალატს" უწოდებენ.

  საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა უკრაინის საელჩოსთან ცერცვაძის მხარდასაჭერად აქცია გამართეს.

  ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ წერილობითი განმარტება გაავრცელა. ტექსტში ნათქვამია, რომ საქართველოსა და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის პირდაპირი საპოლიციო თანამშრომლობა არ ხორციელდება და ინფორმაციის გაცვლაც არ მომხდარა. უწყება ინტერპოლთან თანამშრომლობით ნაკისრ ვალდებულებებზე მიუთითებს. განმარტებაში მითითებულია ისიც, რომ გია ცერცვაძის დაკავების საფუძველი ქართულ მხარეს არ ჰქონდა.