პოლიტიკა
ტრამპის პირველი ნაბიჯები: თეთრი სახლის საიტიდან ლგბტ-საზოგადოების უფლებების შესახებ თავები გაქრა

  საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. დონალდ ტრამპმა სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე ყოფნის პირველ დღეს ხელი მოაწერა ბრძანებას ჯანდაცვის რეფორმა “Obamacare”-ში ცვლილებების შეტანის შესახებ (მისი შეჩერების და ამჟამინდელი სახით მასზე უარის თქმის შესახებ - საქინფორმი), გარდა ამისა, თეთრი სახლის საიტიდან ლგბტ-საზოგადოების უფლებების და ეკოლოგიის დაცვის შესახებ თავები გაქრა. როგორც გაზეთი Washington Post იუწყება, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანთა უფლებების დაცვის შესახებ თავი თეთრი სახლის ოფიციალური საიტიდან დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ აიღეს. აღებულია, აგრეთვე, შრომის სამინისტროს მოხსენება არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მუშაკთა უფლებების დაცვის შესახებ.

  მანამდე, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი აცხადებდა, რომ ერთნაირსქესიანი ქორწინების წინააღმდეგია. ამ განცხადებებმა ახალი პრეზიდენტის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ მათი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით ლგბტ-საზოგადოების წარმომადგენელთა შეშფოთება გამოიწვია.