საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. აშშ–ის 45–ე პრეზიდენტმა თავისი პირველი განკარგულებებით ახალი ადმინისტრაციის მინისტრები დაამტკიცა, მათ შორის – ქვეყნის თავდაცვის მინისტრი.
ხელმოწერილ დოკუმენტებს შორისაა ჯეიმს მეტისისთვის მიცემული სპეციალური უფლება, დაიკავოს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანამდებობა, რასაც მანამდე კონგრესმა დაუჭირა მხარი. გენერალი მეტისი სამხედრო სამსახურიდან 2013 წელს წავიდა. არსებული კანონმდებლობით, მაღალჩინოსან სამხედროს თავდაცვის მინისტრის პოსტის დაკავების უფლება სამხედრო სამსახურიდან წასვლის შემდეგ მინიმუმ 7 წლის გასვლის შემთხვევაში აქვს.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს ვაშინგტონში გაიმართა. ინაუგურაციას 900 ათასამდე ადამიანი დაესწრო. ინაუგურაციის პარალელურად ამერიკის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქცია გამართეს ტრამპის გამარჯვებით უკმაყოფილო ამერიკელებმა.