საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. პარასკევს, 20 იანვარს “ნაციონალურმა მოძრაობამ” ყრილობა გამართა. ღონისძიებაზე 7 ათასი დელეგატი და 3 ათასი სტუმარი იყო მიწვეული. სპორტის სასახლეში შეკრებილებს სიტყვით მიმართა მიხეილ სააკაშვილმა.
„გილოცავთ, ივანიშვილისეული გეგმა “ნაციონალური მოძრაობის” გაქოცების და “ნაციონალური მოძრაობის” ჯიბეში ჩასმის ჩაიფუშა. ეს არის მისი პირველი მარცხი 2012 წლის შემდეგ.
თქვენ ვერ გათქმევინათ უარი იდეალებზე, ივანიშვილი ვერასდროს ვერ გაიგებს, თუ რა არის “ნაციონალური მოძრაობა”, მის ტვინამდე ვერასდროს მივა, თუ რა გვამოძრავებს", - განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა თავის მიმართვაში ბიძინა ივანიშვილს საკმაო დრო დაუთმო.
„რუსმა ოლიგარქმა ქართული სახელმწიფოებრიობა გააუქმა, პირად საკუთრებაში გადაიყვანა ის, აქცია თავის შპს-დ. ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს არც პრეზიდენტი, არც მთავრობა, ყველაფერი ერთი კაცის ხუშტურებს ემსახურება, ერთი გაუნათლებელი, ტლუ, საქართველოს მტრის პირად ახირებებს და ბოღმას, რომელსაც საქართველოს წინსვლა გადააყოლა... ზის თავის ბრონირებულ აკვარიუმში და ერთობა ზვიგენებთან და ზებრებთან თამაშით, ხეებთან თამაშით და ხანდახან ახალი პოლიტიკური პარტიების შექმნით... დღეს ჩვენს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს შპს ივანიშვილის შპს საქართველო“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.