პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდა

  საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის სტრატეგიული საკითხები განიხილეს.

  გიორგი კვირიკაშვილმა და პეტრო პოროშენკომ ისაუბრეს ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე, რაც საქართველოსა და უკრაინისათვის  პრიორიტეტია. მათ იმედი გამოთქვეს, რომ 2017 წელს საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს მიეცემათ ევროკავშირში მოკლევადიანი, უვიზო მიმოსვლის საშუალება.

  შეხვედრაზე ითქვა, რომ 2017 წელს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავი აღინიშნება. საუბრის დროს ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა.