საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. ასე მიმართა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელთა განცხადებების მიხედვით, "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულება ქვეყნისთვის საშიშია.
"ჩვენ მოსახლეობამ გვანდო ქვეყნის მართვა და სწორედ იმიტომ აგვირჩია, რომ ყველა დეტალის გათვალისწინებით ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიგვეღო შეიძლება რთული, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებები. "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ამომწურავად იქნა ინფორმაცია მიწოდებული მედიის საშუალებით. ასევე შედგა კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ექსპერტებთან და არასამთავრობოებთან.
ძალიან სამწუხაროა, რომ გვიწევს გარკვეული პოლიტიკოსების თუ პოლიტიკური ჯგუფების, მათთან ასოცირებული ორგანიზაციების საზოგადოებისგან გამიჯვნა და მათზე განმარტებების გაკეთება. ნებისმიერ თემაზე აჟიოტაჟისა და უსაფუძვლო ისტერიის ატეხვა ემსახურება ერთადერთ მიზანს - მიიქციონ ყურადღება და დაიწერონ პოლიტიკური ქულები, ან მიიღონ სხვა ბენეფიტები მსგავსი პოპულისტური განცხადებებით. პოლიტიკური პოპულიზმის დრო წარსულს ჩაბარდა. თუ მოსახლეობის ნდობისა და გვერდში დგომის მოპოვება გსურთ, ბატონებო, ეს სხვა გზით უნდა გააკეთოთ და არა დესტრუქციული და აბსურდული თემებით", - განაცხადა კალაძემ.