საზოგადოება
NDI: საქართველოში გამოკითხულთა 40% უპირატესობას ანიჭებს "ქართულ ოცნებას"

  საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. NDI კვლევის მეორე, პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს, რომელშიც საპარლამენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო პერიოდზე, ასევე პოლიტიკური პარტიების მიმართ საზოგადოების განწყობაზეა საუბარი.

  NDI-ს კვლევის მიხედვით, კითხვაზე, "რომელი პარტიაა თქვენს შეხედულებებთან ახლოს", 40%-მა “ქართული ოცნება” დაასახელა, 10%-მა - “ნაციონალური მოძრაობა”, ხოლო 3-3%-მა “პატრიოტთა ალიანსი” და “თავისუფალი დემოკრატები”.

  კითხვაზე "2012 წლის მოწვევის პარლამენტთან შედარებით, როგორ იმუშავებს ახალი მოწვევის პარლამენტი," გამოკითხულთა 42% მიიჩნევს, რომ უკეთესად, 30% თვლის, რომ იგივენაირად, 8%-ის აზრით კი, 2016 წლის მოწვევის პარლამენტი უარესად იმუშავებს.

  კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით),  წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 3 ათას 141 პირის პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. კვლევის შედეგების ცდომილება 1.8 %-ია.