საზოგადოება
NDI: მოსახლეობის 92% მიიჩნევს,რომ არჩევნებმა მშვიდად და მოწესრიგებულად ჩაიარა

  საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაში.

  „მთავარი მესიჯი, რომელიც გამოიკვეთა კვლევაში, არის ის, რომ მოსახლეობის უმეტესობა - 92% მიიჩნევს, რომ არჩევნებმა მშვიდად და მოწესრიგებულად ჩაიარა. გამოიკვეთა ის ფაქტი, რომ მოსახლეობის უმეტესობამ მონაწილეობის საკითხი და ვის მისცემდა ხმას, არჩევნებამდე გადაწყვიტა. ამომრჩეველს ეს მიაჩნდა თავის მოქალაქეობრივ მოვალეობად, რაც ძალიან საინტერესოა, რადგან სხვა ქვეყნებში არჩევნებზე მიდიან პარტიების და მათი იდეოლოგიის მხარდასაჭერად.

  რაც შეეხება პარტიებისადმი ნდობას, ამ შემთხვევაში, 2016 წლის მარტთან შედარებით, მოსახლეობა უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი, თუმცა, როგორც გაირკვა, “ქართული ოცნების” მომხრეებს უფრო მეტი ნდობა აქვთ პარლამენტისადმი, ვიდრე სხვა პარტიების მხარდამჭერებს. მათში შეინიშნება პესიმისტური განწყობა, ამიტომ, ჩემი აზრით, მთავარია, პარლამენტის წევრები  წარმოადგენდნენ არა მხოლოდ იმათ, ვინც მათ ხმა მისცა, არამედ მთლიანად მოსახლეობას“, - განაცხადა NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა ტორნტონმა.