პოლიტიკა
NDI: საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში ყველა პოლიტიკური პარტიის რეიტინგი დაეცა

  საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. NDI კვლევის მეორე, პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს, რომელშიც საპარლამენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო პერიოდზეც არის საუბარი. ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, პარტიათა რეიტინგები პროპორციული არჩევნების შემდეგ შემცირდა.

  კერძოდ: კითხვაზე, “რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს (ვინც წავიდა არჩევნებზე)", ნოემბრის მონაცემებით, “ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს” 46% ასახელებს, მაშინ, როდესაც პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით, აღნიშნულ პარტიას 48.68% ჰქონდა.

  “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ნოემბრის კვლევის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილე გამოკითხული მოსახლეობის 10% ასახელებს, მაშინ, როდესაც პროპორციული არჩევნების დროს ენმ-ს საკუთარ შეხედულებებთან ახლოს მდგომ პარტიად 27.11% მიიჩნევდა.

  2%-იანი სხვაობაა “პატრიოტთა ალიანსთან” დაკავშირებით. კვლევის მიხედვით, საკუთარ შეხედულებებთან ახლოს მდგომად ნოემბრის თვის მონაცემებით აღნიშნულ პარტიას 3% მიიჩნევს. ასევე 3% აქვს “თავისუფალ დემოკრატებსაც”.

  არცერთი პარტია -16%.

  შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით),  წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 3 ათას 141 პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. კვლევის შედეგების ცდომილება 1.8%-ია.