უცხოეთი
მოლდოვას პრეზიდენტი: ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას არაფერი მოუტანია მოლდოვასთვის და ვიმედოვნებ, რომ ის ანულირებული იქნება!

  საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. მოლდოვამ შესაძლოა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააუქმოს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან თანამშრომლობის "საგზაო რუკის" მისაღებად. ამის შესახებ, BBC-ის ცნობით, მოლდოვის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა.

  დოდონის თქმით, უახლოეს კვირებში დაიწყება კონსულტაციები ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან თანამშრომლობის ჩარჩო-მემორანდუმის ხელმოწერის შესახებ.

  "იმისთვის, რომ გადავდგათ მომდევნო ნაბიჯი - ეს არის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან თანამშრომლობის საგზაო რუკა - საჭირო იქნება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ზოგიერთი დებულების გადახედვა ან 2014 წელს ხელმოწერილი ამ დოკუმენტის გაუქმება", - განაცხადა იგორ დოდონმა.

  მოლდოვის ახალარჩეული პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოლდოვისთვის სარგებელი არ მოუტანია, ქვეყანამ "რუსული ბაზარი დაკარგა და, რამდენად უცნაური არ უნდა იყოს, ევროკავშირში ექსპორტის მოცულობა ასევე შემცირდა".

  დოდონმა ასევე ვლადიმერ პუტინს მიმართა თხოვნით, რომ მოლდოვისთვის ევრაზიულ ეკონომიკურ კომისიასა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა განიხილონ.

  იგორ დოდონმა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გასული წლის შემოდგომას გაიმარჯვა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს  ის მხარადმჭერებს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას  და რეფერენდუმის გზით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაუქმებას დაპირდა.

  იგორ დოდონის აზრით, მოლდოვას სჭირდება ისეთი ლიდერი, როგორიც პუტინია, ხოლო ყირიმი რუსეთს ეკუთვნის.