უცხოეთი
ტრამპი გერმანელ ავტომწარმოებლებს 35%-იანი ტარიფით დაემუქრა

  საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გერმანელ ავტომწარმოებლებს იმპორტზე 35%-იანი სატარიფო მოსაკრებლით დაემუქრა.

  გერმანულ Bild-თან მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა BMW, Daimler და Volkswagen გააკრიტიკა. არჩეული პრეზიდენტის თქმით, ამ მწარმოებლებმა გაყიდვების ძველ ნიშნულებზე შენარჩუნებისთვის აშშ-ის ტერიტორიაზე უფრო მეტი ავტომობილის წარმოება უნდა შეძლონ.

  "თუ გინდათ, რომ მსოფლიოს გარშემო აწარმოებდეთ ავტომობილებს, მე ამაში წარმატებებს გისურვებთ. შეგიძლიათ ააწყოთ მანქანები აშშ-ისთვის, მაგრამ ყოველი ავტომობილისთვის, რომელიც აშშ-ის მიწაზე შემოვა, თქვენ 35%-იანი ტარიფის გადახდა მოგიწევთ.

  მე ვეტყოდი BMW-ს, რომ, თუ თქვენ მექსიკაში აშენებთ ქარხანას და ამ ავტომობილების აშშ-ში გაყიდვას გეგმავთ, დაივიწყეთ, 35%-იანი ტარიფის გარეშე ამას ვერ შეძლებთ", - ამბობს ტრამპი.

  ტრამპის ამ განცხადებიდან მალევე გერმანელმა მწარმოებლებმა აქციების გაუფასურების გამო €4.5 მილიარდზე მეტი დაკარგეს.