ბათუმის ყოფილი მერი, საქართველოს პარლამენტის ექს ვიცე–სპიკერი ედვარდ სურმანიძე, რომელიც უწინ ადამიანის გატაცების ბრალდებით დააკავეს, გათავისუფლებულია, - იუწყება ხუთშაბათის „რეზონანსი“.
„რეზონანსის“ ცნობით, ედვარდ სურმანიძე გათავისუფლების შემდეგ მის საქმესთან დაკავშირებული დეტალების კომენტარს არ აკეთებს. არ სახელდება გათავისუფლების მიზეზებიც.„ნოვოსტი–გრუზიას“ კორესპონდენტი შეეცადა მობილური ტელეფონით დაჰკავშირებოდა ედვარდ სურმანიძის ადვოკატს მერაბ გვილავას, მაგრამ მან ტელეფონს არ უპასუხა.
საქართველოს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები 2010 წლის 16 ოქტომბერს, ადამიანის გატაცების ბრალდებით, ქვეყანაში ცნობილი პოლიტიკოსის, პარლამენტის ყოფილი ვიცე–სპიკერის, 46 წლის ედვარდ სურმანიძის დაკავების შესახებ იტყობინებოდნენ. სურმანიძესთან ერთად, დააკავეს საქართველოს მოქალაქეები გიორგი ბერულავა და მურთაზ მეურნიშვილი. 18 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოძიების მიმდინარეობისას აღმკვეთ ღონისძიებად სურმანიძესა და მასთან ერთად საქმეში მყოფ გიორგი ბერულავასა და მურთაზ მეურნიშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა ბრალდებულთა გირაოთი გათავისუფლების შესახებ. ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ.
როგორც უწინ ჟურნალისტებთან საუბარში ადვოკატი ამბობდა, სურმანიძე თავს დამნაშავედ არ ცნობდა, რადგან „კანონსაწინააღმდეგო ქმედებები არ ჩაუდენია“.
„საქმე, რომელთან დაკავშირებითაც სურმანიძე დააკავეს, სამოქალაქო დავის საგანს წარმოადგენდა. გერმანიის მოქალაქემ ედვარდ სურმანიძისგან ფული ისესხა, შემდეგ არ დააბრუნა და ყოველდღე იტყუებოდა“, – განაცხადა ადვოკატმა. მისივე თქმით, მოქალაქე, რომელსაც ედავებოდნენ, „ცნობილი აფერისტი და თაღლითია“.
www.newsgeorgia.ru